სტოლტენბერგმა ზელენსკი NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმაროვთან ერთად ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინას ეწვია. ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება და ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. 

ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი გზავნილი თავდაცვის მინისტრებისთვის იქნება უკრაინის პრიორიტეტები ომის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მომავალ ზამთარს.


მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას აქვს დათქმები უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის ძალიან კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების დასაცავად, როგორიცაა, ენერგეტიკული ქსელები ან მარცვლეულის ექსპორტის სატრანზიტო გზები.

„ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ლიდერებისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაკეტები და შორი მანძილის იარაღი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


„თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. და ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას და დავეხმარებით უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა.

დღეს ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას გამართავს, ხოლო შემდეგ ალიანსის თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს.


თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს გააცნობს ისრაელის პასუხს,“ - იუწყება NATO-ს პრესსამსახური.