ილია დარჩიაშვილი: უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ქვეყანას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს.


„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.


დარჩიაშვილმა „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროქტის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები მის განხორციელებაში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით თანამაშრომლობა გრძელდება.

„უნგრეთი არის ერთ-ერთი მონაწილე რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან, ჩვენ და აზერბაიჯანი - ამ თანამშროობას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ რომ კონკრეტული ნაბიჯები გამოჩნდება,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.