ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ძებნილი 10 ოქტომბერს დააკავა.