პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას, განათლების და მეცნიერების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაასახელა.
მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე პარლამენტი უკვე მეოთხედ უყრის კენჭს.
„ხვალ და ზეგ ჩაინიშნება კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, სადაც მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პროგრამას. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად პრემიერობის ახალმა კანდიდატმა პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა.
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად პირველად 2017 წლის 13 ნოემბერს, მეორედ კი 2019 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მესამედ მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტმა მაშინ უყურა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, იუსტიციის მინისტრის გამოკლებით, უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა.