შსს: დღეს პარლამენტთან პოლიციამ სხვადასხვა აქციის 25 მონაწილე დააკავა

შსს-ის ცნობით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღეს პარლამენტთან აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. რის გამოც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიცია თავს უნდა იკავებდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან.

„დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.