უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ისრაელს ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად ეწვიოს.
ამის შესახებ Axios-ს უკრაინის და ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ვიზიტი გაზრდის საერთაშორისო მხარდაჭერას ისრაელის კონტრშეტევის მიმართ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ.
„ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს ვიზიტთან დაკავშირებით კოორდინაციის მოთხოვნით,“ განაცხადეს უკრაინისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა.
ოფიციალური პირების თქმით, ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.
ზელენსკიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თავი მარტო არ ეგრძნო და რომ საერთაშორისო მხარდაჭერა კიევს ძალიან დაეხმარა.
„სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ეწვიონ ისრაელს და გამოხატონ მხარდაჭერა ხალხის მიმართ. მე არ ვსაუბრობ რაიმე ინსტიტუტზე, არამედ, იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, რომლებიც დაზარალდნენ ტერორისტული თავდასხმებისგან და დღესაც იღუპებიან", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისებში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ ისრაელს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა და „ჰამასი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრასთან გაათანაბრა. ზელენსკი იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს.
„ასეთი ტერორისტული თავდასხმის ფონზე, ყველა, ვინც სიცოცხლეს აფასებს, სოლიდარობა უნდა გამოხატოს... ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი ტერორისგან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთს არ გამოუხატავს ისრაელისადმი მხარდაჭერა. მან არც „ჰამასი“ დაგმო. პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ძალადობა იყო „აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი ახლო აღმოსავლეთში", იტყობინება Reuters.
რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, მათ შორის „ჰამასის“ „ოფიციალურ დელეგაციებს“ მოსკოვში მასპინძლობს. პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან არ უსაუბრია. ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა „გამოხატა შეშფოთება“ ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის „კატასტროფული ზრდის“ გამო, ამტკიცებდა კრემლი 11 ოქტომბერს.
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე