რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო.


BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები  გავლენას მოახდენს.“

„ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC.

„გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს. 


შაბათს, „ჰამასი“ ამტკიცებდა, რომ თავდასხმები გამოწვეული იყო ისრაელის ესკალირებული თავდასხმებით დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში პალესტინელებზე, ასევე ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმებით.

„ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ხაზი გაუსვა იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის გაგრძელებას და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას რეგიონის ქვეყნებთან.

ნეთანიაჰუმ გასულ თვეში განაცხადა, რომ მას სჯეროდა, ისრაელი საუდის არაბეთთან მშვიდობის ზღვარზეა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება, შეცვალოს ახლო აღმოსავლეთი.

საუდის არაბეთი დიდი ხანია, დაჟინებით მოითხოვს პალესტინელების სახელმწიფოებრიობის უფლებას, როგორც ისრაელის აღიარების პირობად - რასაც ნეთანიაჰუს ნაციონალისტური კოალიციის მრავალი წევრი დიდი ხანია, წინააღმდეგობას უწევს. კვირას შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმის მიუხედავად, საუდის არაბეთ-ისრაელის ნორმალიზაციის მცდელობები უნდა გაგრძელდეს.


ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის არის ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი. მასში შედის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტებიანი კრეისერი USS Normandy, ასევე სამხედრო ხომალდები Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტებით, გემები USS Ramage-ი, USS Carney და USS Roosevelt-ი.

„ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.


შეერთებული შტატები მხარდაჭერის საჩვენებლად გაგზავნის მრავალ სამხედრო გემს და თვითმფრინავს ისრაელთან უფრო ახლოს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ჰამასის ბოლო თავდასხმა შესაძლოა, მოტივირებული იყოს ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლისთვის.

ოსტინი ამბობს, რომ ეს ქმედება "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის ხალხის მიმართ."


პენტაგონის თანახმად, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ . განლაგება ასევე მოიცავს რამდენიმე მართვადი რაკეტის კრეისერს და გამანადგურებელს.


გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს.

„აშშ ინარჩუნებს ძალებს გლობალურად, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს შემაკავებელი პოზიზია საჭიროების შემთხვევაში,” - ამბობს ოსტინი.

როგორც მედია წერს, ასევე დამატებითი რესურსები, მათ შორის საბრძოლო მასალები, იგზავნება ისრაელში, უსაფრთხოების პირველი დახმარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩავა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.