ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ „საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.“
 
„დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე ავღნიშნე  ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი  მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად.

„ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“.


რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური - მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.