ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებით", - ამის შესახებ twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში წერენ.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ პოლიტიკური დევნის პრობლემაზე საქართველოში. მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერ მელიას დაკავების შეჩერების გამო, თუმცა ასეთი პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები არასოდეს არ უნდა მოხდეს.

ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება", - აღნიშნულია რიშის და შაჰინის ერთობრლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.