აშშ და საქართველო ხაზს უსვამენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას

აშშ-ის ახალმა ელჩმა, საქართველოში თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა. ამ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამერიკულ მხარეს ცნობა არ გაუვრცელებია. მათ დღეს დილით გვაცნობეს, რომ ახალი ელჩი უკვე საქართველოში ჩამოვიდა.

რაც შეეხება საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.


რას მოიცავს ეს მიმართულებები და როდის გაფორმდა დოკუმენტი

ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. მას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მალევე დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ხსენებული ნაბიჯი მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან უკვე გავლილი იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 2020 წლის 24 იანვარს გაიმართა. კერძოდ, ეს იყო ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული პროგრამების სამუშაო ჯგუფი.

რაც შეეხება პლენარულ სესიას, რომელშიც სახელმწიფო მდივანი და პრემიერი მონაწილეობდნენ (მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე), უკანასკნელად ჩატარდა 2019 წლის 11 ივნისს  ჩატარდა. ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, კოვიდპანდემიის გამო გადაიდო.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა.


დოკუმენტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო:

1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით.

2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

3. ხაზს ვუსვამთ ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ ურთიერთობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები

წინამდებარე ქარტია ეფუძნება მხარეებისათვის საერთო ძირითად პრინციპებსა და შეხედულებებს:

1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს.

2. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო გაგებას და აღიარებას ერთობლივი რწმენისა, რომ დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკური ლეგიტიმურობის და შესაბამისად, სტაბილურობის მთავარ საფუძველს.

3. დემოკრატიათა შორის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის.

4. ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შესწევს პასუხისმგებელი თავდაცვის ძალა, წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.

5. საქართველოს მზარდ დემოკრატიას ძალუძს ასპარეზი მისცეს თავისი შრომისმოყვარე მოქალაქეების შემოქმედებით პოტენციალს, რითაც მკვეთრად გაიზრდება კეთილდღეობა როგორც მთელ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

6. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები ევროატლანტიკური თანამეგობრობის სხვა ერებთან პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროებში.

7. პარტნიორები აცხადებენ, რომ მათ საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე.

ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

ორივე ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ერაყში კოალიციის ძალისხმევაში. ამით საქართველომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს საერთო პრიორიტეტს და ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება. ამასთან, აღსანიშნავია 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ალიანსის განაცხადი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

1. NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეადგენენ და შეასრულებენ ორგანიზებულ გეგმას, რომლის მიზანია ნატოსა და საქართველოს შესაძლებლობების თავსებადობისა და კოორდინაციის ამაღლება, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესების გზით.

2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოსა და რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ აღებელ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის.

3. აცნობიერებენ რა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეს, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვალდებულებას იღებენ იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებით და ამგვარი კონტროლის გაძლიერებით.

4. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით.


ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა

ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს გავაფართოვოთ თანამშრომლობა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისათვის, საბაზრო-ეკონომიკური რეფორმის და ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად, ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშესაწყობად. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვაჭრობას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური ზრდის, განვითარების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის, მივესალმებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამხრეთული დერეფნის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამის საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში.

1. ვაღიარებთ რა, ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის გაზრდილი ინვესტიციების მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს მივაღწიოთ შეთანხმებას “ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების შესახებ”, რათა გაიზარდოს “შეღავათების ზოგად სისტემაში” საქართველოს დაშვება და შესწავლილ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

2. ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილიზაციაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, ერთად ვიმუშავოთ საქართველოს ხალხის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისათვის გამიზნული პოლიტიკისა და პროგრამების გასატარებლად, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტიციებისა და მდგრადი გაუმჯობესების მეშვეობით საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

3. ვაღიარებთ რა, გამართულად მომუშავე, ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს შევისწავლოთ საქართველოში ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ენერგოეფექტიანობა და გავზარდოთ ევროპული ბაზრებისკენ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული ტრანზიტის ფიზიკური უსაფრთხოება. ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო განვავითაროთ აზერბაიჯანსა და თურქეთთან ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის შედეგიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები, რათა შეიქმნას ახალი სამხრეთული დერეფანი, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დანარჩენ ევროპას აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იმპორტის უზრუნველყოფით მოახდინონ ბუნებრივი აირის მომარაგების დივერსიფიკაცია.

ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება

აღიარებენ რა დღეისათვის საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, ჩვენი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ მედიის თავისუფლების, პარლამენტის, სასამართლო რეფორმის, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებისათვის. ჩვენ ერთხელ კიდევ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიის, შემწყნარებლობის და ყველა თემის მიმართ პატივისცემის საერთო ღირებულებებისადმი და განზრახული გვაქვს ვითანამშრომლოთ შემდეგ საკითხებში:

1. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რათა ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიისათვის დახმარების გაწევის გზით.

2. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საქმეში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ჩათვლით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დახმარება გაუწიოს ამ პროცესს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების ტრეინინგის ჩათვლით. სამართალდამცავი და სასამართლო შტოს გაფართოებული ურთიერთობების მეშვეობით, ჩვენ ვგეგმავთ ჯეროვანი ძალისხმევა მივმართოთ ისეთი საერთო ტრანსნაციონალური დანაშაულის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კომპიუტერული დანაშაული.

3. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებისა და მედიის ჩართვის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის გაუმჯობესებას.

4. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო პირობას ვდებთ,  ვითანამშრომლოთ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდისათვის, მათ შორის წავახალისოთ პოლიტიკური პარტიების განვითარება, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მონაწილეობით სრულვყოთ კანონმდებლობა და გავატაროთ რეფორმები უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი, მოქალაქეების ინტერესების მხარდაჭერა, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და უზრუნველვყოთ საჯარო მოხელეებზე ზედამხედველობა.

ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიისა და დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას და გაზრდის ურთიერთგაგებას.

1. აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას, ორივე მხარეს განზრახული აქვს შემდგომში ხელი შეუწყონ კულტურულ და სოციალურ გაცვლას და საქმიანობას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX), სტუდენტური გაცვლა (UGღAD), საკანონმდებლო განათლება და პრაქტიკა (LEAP), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამა და ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამა.

2. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის სიახლეებისა და დინამიზმის აუცილებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ გაძლიერებული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების, ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. შეერთებული შტატები გეგმავს გაამარტივოს შეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნის პროცესი ამერიკის კანონმდებლობის და პროცედურების შესაბამისად, ისე, რომ კულტურის, განათლების, ბიზნესის და სამეცნიერო საქმიანობაში კვალიფიციურ პირებს მიეცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა.

3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო