გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა

ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა 12 ოქტომბერს განაცხადა.


კალასის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ესტონეთში გაყინული აქტივების გამოყენებას ომის ზარალის ასანაზღაურებლად და ეს უნდა იყოს წამახალისებელი სხვა ქვეყნებისთვისაც.

ესტონეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით, 38 მილიონი ევროს (40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივებია გაყინული.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ბელგიამ შექმნა სპეციალური ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება.