მოგახსენებთ იმ რეფორმების შესახებ, რაც არის დაგეგმილი ჩვენი სამინისტროს მიმართულებით და უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს.
„მოგახსენებთ, რა აქტუალური რეფორმები გვაქვს ახლა ჩვენ დღის წესრიგში, რაც ეკონომიკის სწრაფ აღდგენას მოასწავებს.
დავიწყებ სისტემური ეკონომიკური რეფორმებით და ასეთი რეფორმა არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა და უფრო ფართოდ დანახული კაპიტალის ბაზრის რეფორმა არის კომპონენტი ფინანსებზე ხელიმისაწვდომობის ზრდის პოლიტიკის, ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებული რეფორმის.
რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ იქითკენ მიმართული რეფორმა რაც საფინანსო ბაზარზე მეტ დივერსიფიკაციას მოიტანს და უფრო დივერსიფიცირებული და განსხვავებული ტიპის ინვესტორებს შემოიყვანს ბაზარზე ჩვენთან, როგორიც არის ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები, როგორიც არის საპენსიო, სადაზღვევო ფონდები და ა.შ.
ასევე დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი ეკონომიკის დაფინანსების წყაროები, გარდა ამისა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის რეფორმა მოიცავს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას არა მარტო მსხვილი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე, მათ შორის კაპიტალზე, სესხზე.
კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეს არის კანონი სეკურიტიზაციის შესახებ, ეს არის კანონი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, ეს არის საპენსიო რეფორმის გაგრძელება და თუკი უფრო ფართოდ შევხედავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, აქ კიდევ დამატებით ვმუშაობთ უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, თუ დღეს ძირითადად უძრავი ქონება გვევლინება საბანკო უზრუნველყოფის სახით, კომპანიებს შეუძლიათ მოიზიდონ სასესხო დაფინანსება, მომავალში გირავნობის ბაზა უფრო მეტად გაფართოვდება და მოძრავი ქონებაც გადება უზრუნველყოფის სახეობა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.