ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.)
საგარეო უწყების ცნობით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის.
ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.
დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოფიაში ვიზიტით იმყოფება.
„სიხარულით მსურს განვაცხადო, რომ ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ეს ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა! განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ულამაზეს სოფიაში ჩემი ვიზიტის დროს! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას! ჩვენ ერთად მივიწევთ ნათელი, ერთიანი მომავლისკენ!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.