საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
14 წლის აითაჯ შახმაოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.