"ვხედავ დიდ შანსს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში, მაგრამ თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ საქართველო ქუჩის გზას აირჩევს, გაწევრიანების შანსი დასრულდება", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„შევხვდი ნიკა მელიას. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერსა და მთავრობის წარმომადგენელს. ჩვენ მზად ვართ, შემოგთავაზოთ მედიაცია. დიალოგისთვის, თქვენ გჭირდებათ პარტნიორი. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. საქართველო წავა ან სლოვენიის ან ბელარუსის გზით.
ვხედავ დიდ შანსს, რომ გაწევრიანდეთ ევროკავშირსა და NATO-ში, მაგრამ როცა ჩვენ ამ გზას გავდიოდით, ალტერნატივა მხოლოდ ერთად სიარული იყო. თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ საქართველო ქუჩის გზას აირჩევს, საქართველოს შანსი დასრულდება. არჩევანი თქვენია - გინდათ, ამ პროცესში იყოთ ლიდერები თუ დარჩეთ ამ მოცემულობაში, რომელიც არაფრისმომცემია.
ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები NATO-ს, ან იღუპები. თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაქვთ და თუ ალტერნატივა არ არსებობს, თქვენ უნდა ესაუბროთ ერთმანეთს. შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესია. ჩვენ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, აღადგინოთ დიალოგი“ - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.