აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს თანახმად, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას.
გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, მათ ბლინკენს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს.
ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რაიმე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირეს.