ამერიკელი სამხედროები გერმანიაში დარჩებიან

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ამერიკელი სამხედროების გერმანიაში დარჩენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ევროპის უსაფრთხოების, ძლიერი NATO-სა და სტრატეგიულად ერთიანი დასავლეთის მიმართ ამერიკის ერთგულების გამოხატულება”, -განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა მიუნხენის უსაფრთხოების ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, ევროპული და ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვა ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი ვალდებულებაა.

”ეს არის კარგად გასაგები სიგნალი. ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩავკიდოთ ხელი ვაშინგტონს, რომელმაც ხელი გამოგვწოდა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საკითხს ჩვენი ერთგულებით - თავდაცვის ხარჯებით, საზღვარგარეთ ჩვენი ერთობლივი სამხედრო განლაგებით, NATO-სა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებით”, - აღნიშნა კრამპ-კარენბაუერმა.