ლიეტუველი პარლამენტარი: ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები

"ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში მუქარის გზა გაგრძელდება, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შანსები შემცირდება.

„არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და NATO-ში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ოპენენტები. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.

NATO-სა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები. თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ“, - განაცხადა ​ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ გნაცხადერბაში პარლამენტის წევრმა ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება“, - აცხადებს პავილიონისი.