ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. რადიო თავისუფლების ცნობით, ალიევის ვიზიტი რეგიონში 15 ოქტომბერს შედგა. ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ მან მოინახულა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სხვა ადგილი და ქალაქი, მათ შორის ქალაქები აღდარა (მარტაკერტი) და ხოჯალი (ივანიანი), სადაც მან ასევე აღმართა აზერბაიჯანის დროშა.

ბაქომ რეგიონზე კონტროლი სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად, სექტემბერში დაიბრუნა. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორ ათწლეულის განმავლობაში.
 
სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში მკვიდრი უმრავლესობის სამ ათწლეულიანი მმართველობა. რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.