ირანის ელჩს საქართველოში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლა სურს. რადიო თავისუფლების ცნობით, მაჰმუდ აბიდი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს, მიმართა.
ელჩი „მკაცრად გმობს სიონისტური რეჟიმის ელჩის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“. საუბარია ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის 12 ოქტომბრის გამოსვლაზე ამავე საპარლამენტო კომიტეტში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ.
კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
ირანის საელჩოში მიიჩნევენ, რომ „საქართველო ოკუპაციის წინააღმდეგია, მხარს დაუჭერს პალესტინელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობაში მის მისწრაფებაში“.
საქართველოს პარლამენტი ჯერ არ გამოხმაურებია კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობაზე ირანის ელჩის მოთხოვნას.
მანამდე ირანის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა, ჩაერთოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში, თუ არ შეწყდება ღაზის სექტორის დაბომბვა. ისრაელის სარდლობა ვარაუდობს, რომ ირანის ჩართვა იქნება „მეორე ფრონტის“ გახსნა რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ სამხრეთ ლიბანსა და სირიაში.