"პუტინი ცდილობს შეასუსტოს ევროპული პროექტი და NATO-ს ალიანსი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, შეასუსტოს ტრანსატლანტიკურ ერთობა, რის გამოც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და აშშ-სთვის.
"მას სურს შეარყიოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა, რადგან კრემლისთვის ბევრად უფრო ადვილია ცალკეული სახელმწიფოების დაშინება და მუქარა, ვიდრე ძლიერ და მჭიდროდ გაერთიანებულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან მოლაპარაკება", - განაცხადა ბაიდენმა.
ასევე, სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა რუსეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში კიბერშეტევებში მონაწილეობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ ნაბიჯებზე პასუხის გაცემა კრიტიკულია აშშ-სთვის და მისი მოკავშირეების საერთო უსაფრთხოების დასაცავად.