ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად.

მისივე შეფასებით, „საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება ე.წ. „კოჭლ იხვად“ (ამერიკაში ასე უწოდებენ მიმავალ პრეზიდენტს, რომლის გავლენა მცირდება საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, რედ.), რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული.“


„სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.


საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.


როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული,“ - განაცხადა კობახიძემ.