პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი ამ კვირაში უყრის კენჭს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.

„მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხვალ, 17 ოქტომბერს, ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს განიხილავენ.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას განხილვაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ.


„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პარლამენტში ოფიციალურად შემოვა, საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.