პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

„მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღეს დარჩენილი იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულწილად, ნდობას იმსახურებდა სასამართლო. დღეიდან, ესეც არ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ უნდა რცხვენოდეს - ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი სამმა ადამიანმა გადაარჩინა თავიანთი თავის რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება ქვეყნისთვის იმ დროს, როცა პრაქტიკულად, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის დამახინჯებული. ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი, გარდა ერთისა, პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ამიტომ მინდა, გაგამხნევოთ და გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას - არსად მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც (ან სცადეს) და დემოკრატიაც იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც თავის მანდატს გააგრძელებს, ამას გეტყვის ახლო მომავალი, როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ თქვენ მინდა, გითხრათ, რომ ერთად მივაღწევთ პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს - რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები. მომავლ წელს უკვე შემდეგი ეტაპი, გვაქვს წელიწადი, წლიწადნახევარი წინ და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დაესწრება. მან მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.

„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობდა ვიცი, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.