ისრაელმა შეერთებულ შტატებს 10 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება სთხოვა. ამის შესახებ New York Times სამ ოფიციალურზე დაყრდნობით წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი 2 მილიარდზე მეტის მოცულობის დახმარების პაკეტს ამზადებს.
The New York Times-ის ცნობით, კონგრესმენები განიხილავენ ისრაელისთვის ჭურვების გაგზავნას, რომელიც რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის არის საჭირო.
ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამხედროებმა შეარჩიეს დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან.
BBC წერს, რომ 2000 პერსონალი უკვე განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი.
პარალელურად, პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.
„აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
18 ოქტომბერს ისრაელში ბაიდენი ჩადის.