ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება.
პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე.
„ინვესტორების მოძებნა არ არის ხელისუფლების ფუნქცია. ამ დროისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. ვნახოთ, თუ მთავრობა სწორად მოიქცევა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაკეთდება. ანაკლიის პროექტს არ აქვს თანხების მოძიების პრობლემა. ანაკლიის პროექტს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის და პროფესიულ დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.
ეს არ არის უბრალოდ ქართული პროექტი, ეს არის საქართველოს რესურსის გამოყენება უდიდესი, ფაქტობრივად 21-ე საუკუნის ეკონომიკისათვის“, - აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტი დემურ გიორხელიძე.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე არც ერთი თეთრი არ შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან ეს პროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს.
დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორის „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან დაპირისპირებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კონსორციუმის ამერიკელ ინვესტორს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ფული არ ჰქონდათ.
„ერთადერთი რაც ამ პროექტის განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ პირველი ტენდერის გამოცხადების დროს, მთავრობის მხრიდან სერიოზული მიდგომა არ არსებობდა. მთავარი შეცდომა რამდენიმე წლის წინ დაუშვა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, როცა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი. პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას მიწვევით, პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში. ყველა დეტალს ვიცნობდი. ტენდერის შედეგების გაგებისთანავე ვთქვი, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ამერიკულ ჯგუფს პორტის ასაშენებლად ფული არ ჰქონდათ. შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი. როდესაც ასეთ გლობალურ პროექტზე სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და ინვესტორს არჩევს, მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აინტერესებდეს პროექტის რაობა, რესურსის მაქსიმალური ათვისება, სარგებებლობა და არა ნეპოტიზმი, არა ძმაკაცობა და კულუარული გარიგებები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ანაკლიის პორტის მსგავს გლობალურ პროექტებზე, ასეთი მიდგომა ყოველთვის კრახით სრულდება და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. შანსიც არ იყო“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე.
საქართველოს მთავრობის გადწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კონსორციუმმა საარბიტრაჟო სასამრთლოში სარჩელის შეტანით უპასუხა.
როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა.
„გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით”, - განაცხადეს კონსორციუმში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილების შეფასებისას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
„საბოლოო პოზიტიური შედეგისადმი ჩვენი ნდობა კვლავ ძლიერია. ჩვენ გვსურს ვნახოთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინვესტორების ინტერესები, რის გამოც დავიწყეთ საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, ჩვენი პირველი პრიორიტეტი რჩება ამ პროექტის განსახორციელება. შეჩერებული და დაგვიანებული ანაკლიის პორტის პროექტზე პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. თუმცა, ოცნება ანაკლიის მსოფლიო დონის პორტის აშენების შესახებ და ეკონომიკური სარგებელზე, რაც მას მოჰყვება, შესაძლოა, კვლავ გახდეს რეალობა. საჭიროა მხოლოდ მთავრობის მზაობა, შეაჩეროს ამ პროექტთან დაპირისპირება და მიიღოს აქტიური, პოზიტიური როლი უკვე მიღწეული პროგრესის ჩამოყალიბებაში. “,- განუცხადეს Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს.
„ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ ვიღებთ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა, რუსეთზე გამავალი.
საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე როცაა საუბარი, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარადჭერა აქვს, როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. კლასიკური ტარნსპორტის გარდა, ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.
მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი. ამ მთავრობას არ ეხება ეს შეცდომები, წინა მთავრობას ვგულისხმობ. (ანაკლის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა). თუ მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.