თელ-ავივიდან გამგზავრების წინ, სარაკეტო თავდასხმის გამო, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან თავშესაფარში გადასვლა მოუწია

თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. 

იმ დროს, როცა შოლცი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, თავშესაფარში გადაიყვანეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა თავად იხილა ორი რაკეტის ჩამოგდების პროცესი.

ცნობისთვის, ისრაელში ვიზიტის დროს სხვა ლიდერებსაც მოუწიათ ბომბსაფარში გადასვლა. 16 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.