"თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი", - განაცხადა ლიეტუვის სეიმის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
ის "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში მივიდა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.
პავილიონისის თქმით, თუ ქვეყანას ლიეტყვუს გზით სურს სიარული, საჭიროა გაერთიანება.
"თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც მე ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და NATO-ს შევუერთდებით, ან მოვკვდებითო. ასე რომ, თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით. რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის ის, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე", – განაცხადა ზიგიმანტას პავილიონისმა.
პარლამენტის წევრის თქმით, ევროპაში იშვიათია პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ ჯვარს ატარებს მკერდზე და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჯვარი აჩვენა, რომელსაც, როგორც აღნიშნა, არასდროს იხსნის.
"ეს თქვენი ჯვარია და მე მას ყოველდღე ვატარებ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, გააკეთოთ რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. თქვენ ხვალ გაქვთ კონსტიტუციის დღე, მომავალ კვირას კი - ოკუპაციიდან 100 წლისთავი. მოდით, აღვნიშნოთ ეს თარიღები როგორც ერთიანობისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად", - თქვა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონში რთული სიტუაციაა და მაზაობა გამოხატა ამ რეგიონის სტაბილურობის დამყარებაში.
"მსურს, საქართველო იყოს ჩემპიონი რეგიონში, რადგან საქართველო არის შუქურა კავკასიაში. კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია, დიალოგის გზის პოვნა. ის, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ და რასაც გავიმეორებთ ყველა დონეზე, ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან, რომელიც შესაძლოა, ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ მემარჯვენემ და მემარცხენემ უნდა იმუშაონ ერთად სტრატეგიული მიზნების მისაღწევად", – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მისი თქმით, უფრო კონკრეტული ვარაუდი იმის შესახებ, რა შედეგებს მოიტანს მისი შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გასამართად, ხვალ შეეძლება გააკეთოს, როცა ყველა მხარის პოზიციები ექნება მოსმენილი, მანამდე კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის და იმედი აქვს, ამ დიალოგის მონაწილე იქნება ნიკა მელიაც.
"მე ახლა ხიდების შენება მინდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ხიდებისთვის. ვიმედოვნებ, ხალხი, რომელიც არ არის პარლამენტში, ასევე მზად არის ამისთვის. თუმცა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება პარტნიორები დიალოგისთვის. ჩემი იმედია, რომ ნიკა მელია იქნება წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებში, რადგან რთულია მოლაპარაკებებში მონაწილეობა ციხიდან. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მმართველის გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტის წევრი გაერთიანებულ ოპოზიციასთან შესახვედრად, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დაბრუნდა.