ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი გაუქმდა

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა. როგორც მანამდე მედია იუწყებოდა, იორდანიის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა.

აბასმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


Reuters-ი წერს, რომ ბაიდენი ისრაელში მკაცრი შეკითხვებითაც ჩადის, რაც ღაზის სექტორში, საავადმყოფოზე თავდასხმას უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, ისრაელში შეხვედრების შემდეგ ბაიდენი იორდანიაში გამგზავრებას და არაბ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს ვიზიტი გაუქმდა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც პალესტინელი ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო მომხდარში ისრაელი პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ სდებს ბრალს.

ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც.


როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.