მსოფლიო ლიდერები გმობენ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარს ვერაფერი გაამართლებს, ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას.

მაკრონის შეფასებით, თავდასხმის გარემოებები უნდა გაირკვეს.

„საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს,“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.


თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება.

„მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას,“ - აღნიშნა მიშელმა.


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საავადმყოფოზე თავდასხმას მკაცრად გმობს.

„შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს,“ - აცხადებს გუტერეში.


„აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და შედეგად, საშინელი მსხვერპლით„ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბაიდენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა.

„შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კონფლიქტის დროს და ჩვენ ვგლოვობთ პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და ამ ტრაგედიაში დაღუპული ან დაშავებული სხვა უდანაშაულო ადამიანების გამო,“ - აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.


ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.