მიმდინარე წლის 8 თვეში, გემების მხრიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი გამოვლინდა - თითოეული 65 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემი შემოწმდა, 164 შემთხვევაში კი დარღვევა არ გამოვლინდა.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში, ასევე, სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერის 9 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც სამართალდამრღვევებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
„2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების მიმართულებით, 184 გემის შემოწმება განახორციელეს. ამავე პერიოდში, დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 11 ფაქტი, რაც თითოეულ ფაქტზე 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს,“ - აცნობეს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე.