საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება. შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიაწოდა.
მისი განცხადების თანახმად, „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას.
პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვა შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე შაბათიდან გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა.
მაკრონის განცხადებით, ვინც “კომენდანტის საათის” წესებს დაარღვევს, 135 ევროთი დაჯარიმდება.
მისივე თქმით, სანამ “კომენდანტის საათი” გაგრძელდება, “ხალხმა უნდა დაივიწყოს ღამით რესტორნებში ან მეგობრებთან სახლებში ვიზიტები”.
ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაუდებელი მგზავრობა კვლავ დაიშვება.