„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს არ გამორიცხა, რომ „კონსტიტუციის მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.
„რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, - ამის შსახებ კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.
„ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა და უხეშად არღვევდა.
„ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება.
სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როდესაც არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას,“ - აღნიშნა კობახიძემ.
მას პრეზიდენტმა გამოსვლისას უპასუხა:
„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.
მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.
მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ? ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?
ისე, როგორც თავის დროზე, გავიყავნე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!“