პუტინის თქმით, რუსეთი თვითმფრინავებით შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალური ზონის პატრულირებას იწყებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაგამანდგურებლები შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას დაიწყებენ. მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავიაგამანადგურებლები შეიარაღებული იქნებიან „კინჟალის„ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით.


პუტინი ამტკიცებს, რომ ეს არ არის მუქარა.

„ჩემი განკარგულებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იწყებენ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში მუდმივ პატრულირებას. ჩვენი თვითმფრინავები, МиГ-31-ები შეიარაღებული იქნება კინჟალის კომპლექსებით."


შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალშვი შეიჭრა და დღემდე აგრძელემს ომს. ამ ფონზე მაღალი რისკის ზონაა შავი ზღვა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება.

რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.


  • NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით.

„გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამი იყო ალიანსის მიერ ივლისში გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.