ნიკა მელიას ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მათ არ სჯერათ, რომ სააპელაციო სასამართლოში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად განიხილავენ საჩივარს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური.
"გუშინ საღამოს ჩვენ ჩავიბარეთ ნინო ჩახნაშვილის განჩინება, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ამ განჩინებაში არ წერია არაფერი, გარდა შაბლონური ტექსტებისა. ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა,რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, ეს განმარტება არაკონსტიტუციურია და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არა აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე, თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია - ორი ინსტანციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკითხი მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს. უნდა არსებობდეს საკითხის გასაჩივრების პრინციპი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობას გულისხმობს.
"ჩვენ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მიგვაჩნია, რომ მან უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას. თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მაშინ ჩვენ აგრეთვე წარდგენილი გვაქვს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.
ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ან სააპელაციო სასამართლომ, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნება განხილული ჩვენი საჩივარი. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური." - განაცხადა საძაგლიშვილმა.