აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში, სამშაბათს, 17 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე. CNN-ის ცნობით, NSC-ის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასება ზედმიწევნით ანალიზსა და ღია წყაროებს ეფუძნება.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას, ჩვენი ამჟამინდელი შეფასება, რომელიც სურათების გაანალიზების შედეგად და ღია წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთეთ, არის ის, რომ ისრაელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი არ არის,“ - განაცხადა ედრიენ უოტსონმა.

ამასთან, ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მიერ შეგროვებული თავდაპირველი მტკიცებულების თანახმად, საავადმყოფოზე თავდასხმა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია


შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.


ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.