ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა

ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ცნობა ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა.


„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზის სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე,“ - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ.

მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ.


ცნობისათვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზაში შესვლას დასთანხმდა. ისრაელში ვიზიტისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.