ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.


„საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები 12 ოქტომბერს გადასცა.

ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.