ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის მიმართულებით, სადაც განთავსებული არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატები და სამოქალაქო პირები, დღეს დილით ორი რაკეტა ესროლეს.


CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემამ მოიგერია, მეორე კი, ცარიელ საწყობს მოხვდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.

ბოლო დღეებში, არ არის პირველი თავდასხმა, რომლის სამიზნეც ერაყში აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანსა და ისრაელის სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ღაზაში კონფლიქტის გაღვივებას არ შეეცადონ. Reuters-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს არამხოლოდ ერაყში, არამედ სირიაშიც. ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების ინფორმაციით, სირიაში შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტზე, რომელიც სირია-ერაყი-იორდანიის საზღვართან მდებარეობს.

Reuters-იც ამერიკელ ოფიციალუ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში ამერიკელ სამხედროებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა ერაყსა და სირიაში.


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა 19 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ზომაა მიღებული საფრთხეებისგან ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროთა დასაცავად. რაიდერის თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ბოლო შეტევებს არ აქვს პირდაპირი კავშირი ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან. ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო, 900 კი, მეზობელ სირიაში იმყოფება. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან.