„დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში, წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
„საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი საუკუნის წინ, ამ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის გამო მან მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო.
ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია!
საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება - ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო.
სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია არამხოლოდ საუკუნის წინ შექმნილ, არამედ თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორის. სწორედ ეს ფასეულოებები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ.
ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა. მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი.
1921 წლის კონსტიტუციამ ფუნდამენტური როლი შეასრულა ისტორიულ წარსულთან ჩვენი კავშირის შენარჩუნებაში. როგორც მის მე-10 მუხლშია ნათქვამი, „ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ“, შესაბამისად, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრედ აღიქმება (რაც შემდეგ 1995 წლის კონსტიტუციაში აისახა).
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა. ეს თარიღი - ასი წელი - ნათლად გვაჩენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის - დამოუკიდებლობიდან დღემდე - ერის ერთსულოვნება.
კონსტიტუცია ის ღერძი და ხერხემალია, რომელიც კრავს სახელმწიფოს და ზურგს უმაგრებს მას. ამდენად, კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა!
გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასახულ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინიცპებს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება! დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში.
წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე. მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით. ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების, იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს - სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება.
მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ისეთი, როგორსაც ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს.
ჩვენს კონსტიტუციას ჯერ კიდევ გარდამავალი სახე აქვს, რამეთუ ჩვენ გადასალახი გვაქვს უმთავრესი გამოწვევა - გაუცხოება ჩვენს განუყოფელ ნაწილთან, აფხაზ და ოს ხალხებთან, საქართველოს ხალხის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ერთად კონსტიტუციის დასრულება - ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი მცირე, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თარგმნა და გამოცემა აფხაზურ ენაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.