უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის სატელევიზიო მიმართვას აფასებს. მისი თქმით, უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერია.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ რწმენას, რომ ჰუმანიზმმა, თავისუფლებამ, დამოუკიდებლობამ და წესებზე დამყარებულმა საერთაშორისო წესრიგმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისი ძლიერი მიმართვისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და არ მივცემთ უფლებას ტერორისტებს, გაანადგურონ დემოკრატია. უკრაინა მადლიერია აშშ-ის მიმართ მისი მხარდაჭერისა და მისი ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმმა, თავისუფლებამ, დამოუკიდებლობამ და წესებზე დამყარებულმა საერთაშორისო წესრიგმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს. ჩვენი საერთო მიზანია, დავიცვათ ჩვენი ერების თავისუფალი ცხოვრების წესი. მსოფლიოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიასა და ტერორიზმს, საერთო თავისუფლების შესანარჩუნებლად, აშშ-ის ლიდერობის იმედი აქვთ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამერიკის ინვესტიცია უკრაინის თავდაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის.
„შეერთებულ შტატებში უკრაინის მიმართ ურყევი ორპარტიული მხარდაჭერა წარმოუდგენლად გამამხნევებელია ყველა ჩვენი მეომრისა და მთელი ჩვენი ერისთვის. ამერიკის ინვესტიცია უკრაინის თავდაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის,“ - აცხადებს ზელენსკი.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის, რათა დააფინანსოს ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად. ბაიდენს თანხის რაოდენობა დაუკონკრეტებია, თუმცა Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუბარია 100 მილიარდ აშშ დოლარზე, მათ შორის 60 მილიარდ აშშ დოლარზე უკრაინისთვის და 14 მილიარდ აშშ დოლარზე ისრაელისთვის.