ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი „ჰამასს“ შეადარა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა.

ამ საკითხზე მან ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს ისაუბრა. 


ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, რუკიდან წაშალოს უკრაინა, ასევე „ჰამასს“, ირანის მხარდაჭერით სურს ისრაელის წაშლა რუკიდან.

„ირანი „ჰამასს“ მფარველობს, მხოლოდ ქაოსის გაღვივება და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ტერორისტები, რომლებსაც მხარს უჭერენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს შეჩერდებიან. ამდენად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

„და ამ საშინელების წინაშე, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, რომ არსებობდეს: ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ლაიენმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.