საელჩო: ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!“ - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.


„რაც შეეხება ისრაელი - საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: - ელ ალი - ისრეარი - აირკია. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.