აშშ-მ 100 ქვეყანა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა - მედია

აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. აღნიშნული შეფასება 100-ზე მეტ ქვეყანას გაუზიარეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით.

  • ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს.

შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„ვაშინგტონი "აცნობიერებს საკუთარ მოწყვლადობას ამ საფრთხის მიმართ," - ნათქვამია მოხსენებაში. მისივე თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ "რუსი აქტორები აშშ-ის 2020 წლის არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვის მიზნით მოქმედებდნენ. კერძოდ, საუბარია ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს. 


„რუსეთი 2020-დან 2022 წლამდე ცდილობდა, „შეერყია საზოგადოების ნდობა სულ მცირე 11 არჩევნების მიმართ ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში,“ ნათქვამია მოხსენებაში და აქვე აღნიშნულია, რომ 17 სხვა ქვეყანა „ნაკლებად გამოხატული“ მცდელობების სამიზნე იყო.

ქვეყნების ჩამონათვალი დასახელებული არ არის. ანგარიშის თანახმად, რუსეთი „იყენებს როგორც ღია, ისე ფარულ მექანიზმებს, მათ შორის გავლენის ქსელებს და მარიონეტებს, რომლებსაც რუსული ჯაშუშური სამსახურები მართავენ. 


ამის მაგალითად მოყვანილია ის ფაქტი, რომ რუსეთის (FSB) უსაფრთხოების სამსახური ფარულად მუშაობდა საარჩევნო მუშაკების დაშინებასა და არჩევნების დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე.


ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ერეოდა არჩევნებში, ის რუსეთის მსგავს ტაქტიკას არ იყენებდა. ჩინეთი არჩევნებში ჩარევას უარყოფს. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ანგარიშს, ის რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომ მათ რუსეთის ჩარევის შესასუსტებლად, სანქციების, ინფორმაციის გაზიარების, რუსი ჯაშუშების გაძევებისა და მოგზაურობის აკრძალვის გზით იმუშაონ.