აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მიზნების შესახებ შტატების პირველადი ვერსია დაადასტურა და განაცხადა, რომ „ჰამასის„ შეტევა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლას ისახავდა მიზნად.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა,“ - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გამოთქვა.
„გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“ - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს 8 ოქტომბერს.
თუმცა ერ-რიადი აშშ-ის პოზიციას საჯაროდ არ დათანხმებია. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიზნები უნდა გადაწყდეს.
მედიაში 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა.
ბლინკენი ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი იყო კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება. ტურნეს შემდეგ, ბლინკენი ისევ ისრაელში დაბრუნდა.