რა ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსული ბრილიანტების აკრძალვას მოიცავს, იტყობინება ბრიუსელში დაფუძნებული მედია გამოცემა EUobserver-ი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.

ევროკავშირი ახლა ალმასის აკრძალვის შესახებ “დიდი შვიდეულის“ განცხადებას ელოდება, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ გამოაცხადებს.


ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ რამდეიმე დღის წინ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რუსული ბრილიანტიდან მიღებული შემოსავლით ომი ვეღარ დაფინანსდება. ახალი აკრძალვა სავარაუდოდ, 2004 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ბელგიის მთავრობა რუსული ბრილიანტების სანქცირების საკითხს სათავეში ედგა, რადგან მისი სიდიდით მეორე ქალაქი ანტვერპენი, ალმასებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრია მსოფლიოში.

ბლოკის მე-12 სანქციების პაკეტი შეიძლება, ასევე მოიცავდეს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის საკითხსა და მესამე ქვეყნების კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ასევე ცდილობს, გააფართოოოს ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომელიც ასევე აკრძალვას ექვემდებარება.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათ მიერ ნებაყოფლობით აღებული ვალდებულების საფუძველზე, რუსული ბრილიანტებით ვაჭრობა უკვე შეამცირეს, თუმცა ბლოკს ჯერ არ დაუწესებია ოფიციალური შეზღუდვები რუსულ ალმასებზე.


დასავლეთმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც გასული წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.