ერევანი საფრანგეთისგან იარაღს მიიღებს

ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. შეთანხმება ორშაბათს, 23 ოქტომბერს გაფორმდება. 22 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა.

„აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.