როგორ აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირებას? ამ შეკითხვას უპასუხა კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ვზღუდავთ არარეგულარულ მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ამას ვაკეთებთ ზომების მთელი რიგი პაკეტის საშუალებით. საქართველოსა და მოლდოვის კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს," - განაცხადა შოლცმა.
ჟურნალისტმა კანცლერს ჰკითხა, უფრო კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენებას აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირების მიზნით. სხვადასხვა მექანიზმის განხილვის შემდეგ, შოლცმა დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.
მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.
კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უნდა მოახდინონ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს.
„როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ, უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში.
სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად,“ - განაცხადა შოლცმა.
გერმანიამ გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად მიმდინარე წლის აგვისტოში აღიარა.