სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება.“
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, 26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.
- „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის, რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
„ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა. საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.