ამერიკის ელჩი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


ელჩის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობის კიდევ უფრო გავაღრმავებთ,“ – განაცხადა რობინ დანიგანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს. საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც.


თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიზნით გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.